English / ქართული / русский /
იოსებ არჩვაძეპაატა კოღუაშვილი
მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის სტრატეგია, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების ქვაკუთხედი

ანოტაცია.სტატიაში განხილულია თანამედროვე პირობებში მარცვლეულით მოსახლეობის უზრუნველყოფის პრობლემები,  მისი გამწვავების მიზეზები და დაძლევის გზები. სურსათის, კერძოდ, მარცვლეულის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად მზარდი გამოყენების გამო ხაზგასმულია მარცვლეულით, პირველ რიგში, ხორბლით თვითუზრუნველყოფის დონისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დონეთა შორის კავშირი, აღნიშნული პრობლემის აქტუალობა თანამედროვე საქართველოსათვის, მარცვლეულით მომარაგების გაურესების ნეგატიური გავლენა საქართველოში მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებასა და მოსახლეობის რძისა და ხორცპრო­დუქტებით უზრუნველყოფაში. მარცვლეულის წარმოებისა და მოხმარების მწვავე დეფიციტის რისკ-ფაქტორი საქართველოსათვის დაკავშირებულია აღნიშნული რესურსის შევსების პროცესის ძირითადად ერთ გარე წყაროზე დამოკიდებულებასთან. სასურსათოუშიშროებისპრობლემისგადაწყვეტა მიჩნეულია ქართული სოფლის გადარჩენის, მიგრაციის შეჩერების ფაქტორად და ქვეყნისპოლიტიკურიდაეკონომიკურიდამოუკიდებლობისშენარჩუნებისტოლფას გარემოებად. ამასთან, მარცვლეულის წარმოების არსები­თი გადიდება დაკავშირებულია მისი წარმოების მატერიალურ-ეკონომიკური სტიმულირების ყველა არსებული ბერკეტისა და საშუალე­ბის გამოყენებასთან. შემოთავაზებულია მარცვლეულის წარმოების ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამა მარცვლის“ მხარდაჭერა და მის საფუძველზე, თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და ბიოსტიმულატორების გამოყენებით უახლოეს წლებში ხორბლისა და სიმინდის ნათესი ფართობებისა და მოსავლიანობის არსებითი ზრდა, ადგილობრივი წარმოების მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის დონის 60-65%-მდე გაზრდა, აგრეთვე სურსათის სტრატეგიული ფონდის ფორმირება.

საკვანძო სიტყვები: მარცვლეულით თვითუზრუნველყოფა, აგროსასურსათო საქონელი, სასურსათო უშიშროება, მარცვალზე იმპორტდამოკიდებულება, წარმოების სტიმულირება. 

შესავალი

სასურსათო პრობლემის გამწვავების საფრთხის შესახებ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ავტორიტეტული ჟურნალი თუ სასურსათო პრობლემატიკაში გათვითცნობიერებული ცნობილი მეცნიერი და სპეციალისტი საკმაო ხანია აფრთხილებს მთელ მსოფლიოს. ჯერ კიდევ XX საუკუნის ბოლოს გამოქვეყნ­და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზი იმის თაობაზე, რომ 2015-2020 წლებში პლანეტის მოსახლეობის მოთხოვნილება სურსათზე 50%-ით გაიზრდებოდა, რაც უმწვავეს სასურსათო კრიზისს გამოიწვევდა 2022-2025 წლებში.  

ეს ოფიციალური განცხადება სერიოზული გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა გამხდარიყო სურსათის იმპორტიორი განვითარებადი ქვეყნებისათვის, რადგან გლობალური სასურსათო კრიზისის ნეგატიური შედეგები, როგორც წესი, პირველ რიგში ასეთი  ქვეყნების ღარიბ მოსახლეობაზე აისახება. 1980 წლის შემდეგ განვლილი ოთხი ათეული წლის განმავლობაში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ შესადარ ფასებში მსოფლიოში გაიზარდა 70.7 პროცენტით,  მარცვლეულის წარმოება  კი – მხოლოდ 8.7  პროცენტით. აღნიშნულის გამო მსოფლიოში, განსაკუთრებით შედარებით ნაკლებადგანვითარებულ და ღარიბ ქვეყნებში, შიმშილისა და პურზე წვდომის  პრობლემამ კლების ნაცვლად მეტი სიმწვავე შეიძინა. 

მარცვლეულზე ფასების ზრდის ტენდენცია

მსოფლიოში ბოლო ათწლეულებში გამოიკვეთა მარცვლეულის  ფასების პერმანენტული ზრდის ტენდენცია, რომელიც „ორგანულად ეწერება“ გლობალური მასშტაბით სასურსათო კალათის გაძვირებაში. XX საუკუნის  80-იანი წლების დასა­წყისთან შედარებით 1 ტონა ხორბლის საერთაშორისო ფასი 2.6-ჯერ გაიზარდა –113.5 აშშ დოლარიდან 299.3 აშშ დოლარამდე და ეს ზღვარი არ არის. შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ მსოფლიოში იაფი საკვების ეპოქა, მათ შორის იაფი პურის ეპოქა,  ფაქტობრივად, დასრულდა.

დიაგრამა 1

  

გაცილებით რელიეფურად წარმოაჩენს ხორბლის ფასების  ზრდის დინამიკას ქვემორე ცხრილი როგორც ამ პროდუქციის ტრადიციულ საზომ ერთეულში – ბუშელში, ისე ტონებში. 

ცხრილი 1

ხორბლისმსოფლიოფასი1980-2022წლებში

(ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟის მიხედვით; წლის ბოლოს; აშშ დოლარი)

 

1980წ.

1990წ.

2000წ.

2010წ.

2015წ.

2020წ.

2021წ.

2022წ.

ერთი ბუშელი

4.91

2.66

2.74

7.94

4.68

6.41

7.71

8.96

ერთი ტონა

113.5

61.5

63.4

183.6

108.2

148.2

178.3

207.2

წყარო:https://www.macrotrends.net/2534/wheat-prices-historical-chart-data         

კიდევ უფრო მაღალია ხორბლის ფასი ევროპაში, სადაც მან ტონაზე უკვე 438.25 ევროს მიაღწია.

ამიტომაა, რომ მარცვალი, როგორც სტრატეგიული საქონელი, ითვლება არა მარ­ტო თითოეული ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნების მთავარ გარანტად, არამედ მარცვლის იმპორტიორ ქვეყნებზე პოლიტიკური ზემოქმედების მძლავრ იარაღადაც. თუ ამას დავუმატებთ FAO-ს მიერ გაკეთებულ არაოპტიმისტურ პროგნოზს მარცვლეულის მოყვანა-მიწოდებასთან დაკავშირებით,  შეიძლება ვივა­რაუდოთ, რომ მარცვლის „სასურსათო და პოლიტიკური ფასი“ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ორგანიზიციის მონაცემებით, ხორბლის მსოფლიო წარმოებამ 2021 წელს შეადგინა 778.6 მლნ ტონა, თუმცა მისი ზრდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (+2.9%) 2-ჯერ ჩამორჩება  იმავე პერიოდში მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელს (+5.8%). არასასურველი კლიმატური პირობები, აგრეთვე ომი რუსეთ-უკრაინას შორის, რომლებზეც მოდიოდა მსოფლიო მარცვლეულის ექსპორტის 25 პროცენტზე მეტი, ნეგატიურად აისახება მარცვლეულის მსოფლიო ვაჭრობაზე, მის რეზერვებსა და ფასებზე. მარცვლეულის მსოფლიო მარაგების თანაფარდობა გლობალურ მოხმარებასთან 2022 წლისთვის 2017 წელთან შედარებით შემცირდა 2.3 პუნქტით (31.9%-დან 29.6%-მდე).

როგორც ცნობილია, მარცვლეულის მსოფლიო რეზერვების უდიდეს ნაწილს მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო ფლობს (ძირითადად, აშშ, კანადა, ევროკავშირის ქვეყნე­ბი). ამ ქვეყნებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა აშშ, რომელზეც მსოფლიო მოსახლეო­ბის 5% და მარცვლის მარაგების 47-50% მოდის. ეს იმ დროს, როცა მსოფლიოში მარცვ­ლე­ულის იმპორტს, სხვადასხვა მოცულობით, 120-მდე ქვეყანა აწარმოებს. სიმპტომურია, რომ სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით სხვადასხვა პერიოდულობით იზღუდება მარცვლეულის და ზოგიერთი სხვა სასურსათო პროდუქციის (მაგ., შაქრის) ექსპორტი. ეს შეზღუდვები ჯერჯერობით უფრო კონიუნქტურულია, ვიდრე სისტემური, თუმცა ადვილი წარმოსადგენია სასურსათო კრიზისის წარმოშობის შემთხვევა­ში, მარცვლეულის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მდგო­მარეობაც. ამის დრამატული მაგალითი წარმოაჩინა რუსეთ-უკრაინის ომმა, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო უკრაინული ხორბლის ექსპორტი სხვა ქვეყნებში და მხოლოდ თურქეთის ხელისუფლების აქტიური შუამდგომლობით მოხერხდა მიწოდების შესაბამისი არხის გახსნა. აღნიშნულის ფონზე  დასავლეთის ქვეყნებში ბოლო პერიოდში ხდება აგრარული პოლიტიკის გადახედვა, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერებისთვის გაწეული დახმარებების (სუბსიდიების) შემცირებით, ხოლო მეორე მხრივ – იმ მკაცრი ღონისძიებების შესუსტებით, რაც მიმართული იყო საგარეო კონკურენციისგან შიგა ბაზრების დასაცავად. ეს პოლიტიკა უკვე სამართლებრივად აისახა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ე.წ. „ურუგვაის და დოჰას რაუნდების“ დოკუმენტებში.

ამ კონტექსტით ერთობ საინტერესოა FAO-ს და ევროკავშირის პოზიცია განვითა­რებადი ქვეყნების მიმართ სურსათის, მ. შ. ხორბლის იმპორტის თაობაზე. ნიშანდობლი­ვია, რომ ხსენებული ავტორიტეტული ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ მიმარ­თუ­ლებით მკვეთრად და კატეგორიულად უარყოფითია. ისინი აღიარებენ, რომ მაღალ­განვითარებული ეკონომიკის მქონე დასავლეთის სახელმწიფოებში ფერმერთა სუბსი­დირების სისტემა, მართალია, ეხმარება შედარებით ღარიბ იმპორტიორ ქვეყნებს იმპორტის გაიაფებაში, მაგრამ დაბალი ფასები სურსათზე, მათ შორის მარცვლეულზე, მრავალ განვითარებად ქვეყანას აიძულებს, უგულებელყოს საკუთარი წარმოება, რაც საბოლოო ანგარიშით, მსოფლიოში სურსათის წარმოების შემცირებას და მასზე ფასების გარდაუვალ ზრდას იწვევს. 

მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის მდგომარეობა საქართველოში

შექმნილი სიტუაციის გამო ქვეყნები, რომელთაც შესაბამისი მიწის რესურსები გააჩნიათ, სურსათის თვითუზრუნველყოფის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები­დან გამომდინარე, ძალისხმევას არ იშურებენ ადგილზე მარცვლეული მეურნეობის განვითარებისთვის, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მისი წარმოების შედარებითი თუ აბსოლუტური უპირატესობა. ფაქტია, რომ მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდება აგროწარმოების „ბიოლოგიზაციის“ ტემპების დაჩქარების კვალობაზე კიდევ უფრო შემცირდება, რაც მასზე ფასების კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს.

კარგადაა გასაცნობიერებელი, რომ მსოფლიოში  უკიდურეს სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის (დღეში 1.9 აშშ დოლარზე ნაკლები მოხმარება მყიდველობით­უნა­რიანობის პარიტეტით) წილის კლების მიუხედავად (ამ საუკუნეში ასეთთა წილი შემცირდა 11.3 პროცენტიდან 9.2 პროცენტამდე), ყოველწლიურად იზრდება მათი აბსოლუტური რიცხოვნობა და შესაბამისად – მოშიმშილეთა რიცხოვნობა.  ამდენად, საჭიროა ადგილებზე მარცვლეულის წარმოე­ბის გადიდების ყველა რეზერვის ამოქმედება პრობლემის კიდევ უფრო გამძაფრების თავიდან ასაცილებლად.

თანამედროვე მსოფლიოში სასურსათო უშიშროების ორი ძირითადი კრიტერიუ­მია აღიარებული და ორივე მათგანი მარცვლეულს უკავშირდება. ესენია – მარცვლეუ­ლის გადაუდებელი მარაგები და მარცვლის წარმოების მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით. პირველი ქმნის აუცილებელ გარანტიასა და სიმყარეს საგანგებო სიტუაციების დროს, ხოლო მეორე აჩვენებს მარცვლეულის იმპორტზე ამა თუ იმ ქვეყნის დამოკიდებულების ხარისხსა და დონეს (ქვეყანაში პურპროდუქტების მოხმარე­ბის ფიზიოლოგიური ნორმებიდან გამომდინარე).

ამასთან, საყოველთაოდ მიღებულია, რომ ხელუხლებელია მარცვლის მარაგის ის გარდამავალი მოცულობა, რაც მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით საკმარისია მოხმარების 55-60 კალენდარული დღის განმავლობაში, ანუ მოთხოვნილე­ბის 17-18%-ის ოდენობით (რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუ უფრო მეტი რაოდენო­ბის მარაგი აქვს შექმნილი ქვეყანას).

საქართველოში მარცვლეულიდან როგორც ხორბალს, ასევე სიმინდს განსაკუთ­რებული სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ იგი ოდითგანვე უპირველესად ხორბლის მწარმოებელ და მომხმარებელ ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად იყო მიჩნეული.

დამოუკიდებლობის მოპოვებას ე.წ. „საკავშირო ფონდებიდან“ მარცვლის ცენტრალიზებული მოწოდების პრაქტიკის გაუქმება მოჰყვა, რის გამოც  საქართველოში მუშაობა ერთბაშად შეწყვიტა კომბინირებული საკვების მწარმოებელმა ქარხნებმა, ინდუსტრიულ საფუძველზე გადაყვანილმა მეფრინველეობის ფაბრიკებმა, მეხორცული და მერძეული მიმართულების სპეციალიზებულმა კომპლექსებმა და სხვ. შედეგად, კატასტროფულად (ორჯერ და მეტად) შემცირდა მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება, რამაც სერიო­ზული გავლენა იქონია მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესებაზე. თუ ჯერ კიდევ 1988 წელს საქართველოში ხორბლის, ხორცისა და რძის წარმოება შეადგენდა, შესაბამისად, 700 ათას, 172 ათას  და 730.5 ათას ტონას, 2022 წლისთვის   ეს   მაჩვენებლები  შესაბამისად  შემცირდა  157.4  ათას (-77.5%), 74.7 ათას  (-56.6%) და 574.7 ათას   (-21.3%)  ტონამდე. თუ ადრინდელ პერიოდში ხორცის ადგილობრივი წარმოება 2.3-ჯერ აღემატებოდა მისი შემოტანის მაჩვენებელს, ხორცის საქართველოში შემოტანის ფაქტობრივი უცვლელობის პირობებში (დაახლოებით 70-75 ათასი ტონა ყოველწლიურად)  მისი ამჟამინდელი ადგილობრივი წარმოება ფაქტობ­რივად გაუთანაბრდა იმპორტს, რის გამოც  საგრძნობლად  შემცირდა ამ პროდუქტების სულადობრივი მოხმარების დონე (დაახლოებით ¼-ით), გაუარესდა კვების რაციონის სტრუქტურა და  თავი იჩინა არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულმა ჯანმრთე­ლობასთან, დემოგრაფიასთან და სოციალურ სტაბილურობასთან დაკავშირებულმა არაერთმა პრობლემამ.

სამწუხაროდ, საქართველომ, როგორც მწარმოებელმა ქვეყანამ, ბოლო ათწლეულებში პოზიციები მკვეთრად დათმო. ასე, მაგალითად, 1950 წლისთვის საქართველო აწარმოებდა 786 ათას ტონა მარცვლეულს, ანუ მოსახლეობის 1 სულზე 223 კგ-ს (მოსახლეობის რიცხოვნობა ამ პერიოდში 3.5 მლნ-ს შეადგენდა). 1980 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 5 მლნ-ს გადასცდა და მოსახლეობის 1 სულზე მარცვლის წარმოებამ 121 კგ შეადგინა (მომდევნო ათწლედში სურათი პრაქტიკულად არ შეცვლილა. 1990 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ შეადგინა 5.4 მლნ. და 1 სულზე კვლავ 121 კგ მარცვლეული იქნა წარმოებული). 2000-2003 წლებში მარცვლის წარმოება, მართალია, გაიზარდა 150-155 კგ-მდე  1 სულზე, მაგრამ ის მხოლოდ მოსახ­ლეობის რიცხოვნობის მკვეთრი შემცირების ხარჯზე მოდის – ამ პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა 1 მლნ-ით შემცირდა ქვეყანაში წარმოებული მარცვლეულის სტრუქტუ­რაში  პირველ-მეორე  ადგილს რიგრიგობით იყოფენ  ხორბალი და სიმინდი;  მათზე მოდის მთლიანი მარცვლეულის დაახლოებით  85%, ხოლო დანარჩენზე ( ქერი, შვრია და ა.შ.) – 15%-მდე.

ცხრილი 2

მარცვლეულის წარმოება საქართველოში 2010-2022წლებში

წელი

2010.

2015.

2018.

2020 .

2021 .

2022 .

მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა, ათასი კაცი

3786,7

3725,3

3726,5

3722,7

3716,0

3688,6

მარცვლეულის (ხორბალი, ქერი,

შვრია, სიმინდი) წარმოება, ათასი ტონა

214,8

356,2

363,7

405,1

430,6

367,5

მათ შორის:

 

 

 

 

 

 

ხორბალი

48,4

125,6

107,1

102,4

136,1

157,4

სიმინდი

141,1

184,6

194,2

255,0

233,0

149,5

წილი მარცვლეულის მთლიან

წარმოებაში, %

 

 

 

 

 

 

– ხორბლის

22,5

35,3

29,4

25,3

31,6

42,8

– სიმინდის

65,7

51,8

53,4

62,9

54,1

40,7

მარცვლეულის წარმოება

მოსახლეობის ერთ სულზე, კგ

56,7

95,6

97,6

108,8

115,9

99,6

მათ შორის:

 

 

 

 

 

 

– ხორბალი

12,8

33,7

28,7

27,5

36,6

42,7

– სიმინდი

37,3

49,6

52,1

68,5

62,7

40,5

თვითუზრუნველყოფის დონე, %:

 

 

 

 

 

 

– ხორბლით

6

17

15

15

16

19

– სიმინდით

96

77

71

68

66

43

წყარო:შედგენილია ავტორთა მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალების მიხედვით. 

ამდენად, რეალურად უკიდურესად რთული მდგომარეობა შეიქმნა: მოსახლეო­ბის ერთ სულზე გაანგარიშებით 2022 წელს ხორბლის წარმოებით 5.3-ჯერ ჩამორჩება 1950 წლის მაჩვენებელს, 2.9-ჯერ – 1980 წლის მაჩვენებელს და 3.6-ჯერ – 2003 წლის მაჩვენებელს.

მარცვლეულის წარმოების გადიდების შესაძლებლობები, ზემოთ აღნიშნული ტენდენციებისა და მონაცემების ანალიზი გვაძლევს შესაძლებლობას გავაკეთოთ დასკვნა, რომ საქართველო, როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, პოტენციურად დგას სასურსათო საფრთხის წინაშე. როდესაც იმპორტდამოკიდებულება ხორბალზე 4-ჯერ აღემატება თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელს, ხოლო სიმინდის ფაქტობრივი მოხმარების 1/3 და მეტი იმპორტირებულზე მოდის, ამით სერიოზული საფრთხე ექმნება არა მარტო ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას, არამედ თავად სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას და მის ინსტიტუციურ მდგრადობას. როდესაც მარცვლეულის, კერძოდ  ხორბლის წარმოებისა და მოხმარების ბალანსში არსებობს მწვავე დეფიციტი,  მასზე გადახდისუნარიანი მოთხოვნა იმპორტის ხარჯზე უნდა შეივსოს. ამ საუკუნეში (2001-2022 წწ.) საქართველომ განახორციელა 3.3 მლრდ. აშშ დოლარს მარცვლეულის კულტურების და ფქვილის იმპორტი, რაც  2.3-ჯერ აღემატება  საქართველოს სოფლის მეურნეობაში 2022 წელს შექმნილ დამატებულ ღირებულებას. ამასთან, საუკუნის დასაწყისთან შედარებით მარცვლეულის იმპორტის ღირებულება გაიზარდა 3.1-ჯერ, მათ შორის ხორბლის იმპორტის – 2.2-ჯერ, ფქვილის – 4.0-ჯერ, ხოლო მარცვლეულის სხვა სახეობებისა (ჭვავი, შვრია, ქერი, სიმინდი) – 419.2-ჯერ(!).  

ცხრილი 3

საქართველოში მარცვლეულის  და ფქვილის იმპორტი

2000-2022 წლებში(მლნ. აშშ დოლარი)

 

2000 წ.

2005 წ.

2010 წ.

2015 წ.

2020 წ.

2021 წ.

2022 წ.

სულ

55,010

97,262

196,990

148,846

143,024

132,830

180,972

      მათ შორის:

 

 

 

 

 

 

 

ხორბლის იმპორტი

29,152

45,130

174,055

119,352

107,830

93,448

64,785

ფქვილის იმპორტი

25,826

49,583

17,926

14,308

7,945

17,010

102,772

წილი მარცვლეულის და ფქვილის  იმპორტში, %

 

 

 

 

 

 

 

ხორბლის

53,0

46,4

88,4

80,2

75,4

70,4

35,8

ფქვილის

46,9

51,0

9,1

9,6

5,6

12,8

56,8

 

მარცვლეულზე იმპორტდამოკიდებულება – საფრთხე ეროვნული  უშიშროებისათვის

იმპორტზე  დამოკიდებულება, მით უფრო, თუ საქონლის იმპორტში რომელიმე ქვეყანას მონოპოლიური მდგომარეობა უკავია, მიმღებ ქვეყანას მიწოდების  პოტენციურ მძევლად აქცევს საფრთხეთა მთელი „თაიგულით“:

ჯერ ერთი, მიწოდების მყისიერი შეწყვეტა, ემბარგო ან სანქციები აღნიშნულ პროდუქციაზე იმპორტიორი ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რადგანაც საჭირო იქნება მიწოდების ჯაჭვის გადაწყობა, რაც დროში გაჭიანურებული პროცესია. ამასთან, ამგვარი ვითარება, როგორც წესი, საგრძნობლად აძვირებს პროდუქციის ფასს სამომხმარებლო ბაზარზე,  აზიანებს და ამცირებს მოსახლეობის გადახდისუნარიანობას და შესაბამისად, მის კეთილდღეობას;

მეორე, მიმწოდებელ ქვეყანაში ექსპორტის კვოტირება, საექსპორტო მოსაკრებლების შემოღება (ზრდა) ასევე აძვირებს პროდუქციის ღირებულებას და ასევე პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის კეთილდღეობას;

მესამე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და მიმწოდებელი ქვეყნის მიერ სუბსიდირების შემთხვევაში იმპორტირებული პროდუქციის ბაზარზე დემპინგური ფასებით რეალიზაცია ძირს უთხრის აღნიშნული პროდუქციის ადგილობრივი წარმოების რენტაბელობას, ზოგადად, მისი წარმოების მიზანშეწონილობას და იწვევს იმპორტდამოკიდებულების ზრდას. ამის მკაფიო მაგალითია წინა პერიოდთან შედარებით საქართველოში 1/3-ით და მეტად გაიაფებული ფქვილის იმპორტი რუსეთიდან, რამაც არარენტაბელური გახადა ადგილობრივი მარცვლეულის წარმოება. 2023 წლის გაზაფხულისათვის საქართველოში ადგილობრივ ხორბლის მწარმოებლებს არარეალიზებული დარჩათ თითქმის 30 ათასი ტონა ხორბალი, რაც ძირს უთხრის ამ უმნიშვნელოვანესი კულტურის ადგილობრივი წარმოების არა თუ გაფართოების, არამედ ამჟამინდელ მასშტაბებში შენარჩუნების პერსპექტივებს. აღნიშნულმა ვითარებამ სერიოზულად დააზიანა ადგილობრივი, თხუთმეტივე(!)  წისქვილკომბინატის საქმიანობაც,  გამოიწვია რა მათი სრული გაჩერება,  ხუთი ათასზე მეტი თანამშრომლის უმუშევართა კატეგორიაში გადაყვანა და  არსებითად გაზარდა  რისკები დარგის განვითარებისათვის.  შესაბამისად, ასეთ პირობებში სასურსათო და აქედან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოებისათვის მოვლენათა განვითარების ნეგატიური სცენარი უფრო რეალისტურ კონტურებს იძენს.

ფქვილის ფაქტობრივად დემპინგური იმპორტი პირდაპირ აზარალებს იმპორტიორი ქვეყნის (ამ შემთხვევაში – საქართველოს) ან მოსახლეობას, ან -ადგილობრივ წარმოებას, ბიზნესს, რაც საბოლოო ჯამში ასევე უარყოფითად აისახება  მოსახლეობის კეთილდღეობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელისუფლების ამოცანაა, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვის პარალელურად, უზრუნველყოს მარცვლეულის ადგილობრივი წარმოების სტიმულირება. ამ მიმართულებით პერსპექტიულად გვესახება დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებლის დაწესება იმპორტირებულ ფქვილზე, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს.

მდგომარეობის დრამატიზმს ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ მარცვლეულის, ხორბლის დეფიციტი არ წარმოადგენს გამონაკლისს ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფაში. საქართველოში მარცვლეულისა და ფქვილის იმპორტის წილად ამ საუკუნეში მოდიოდა, როგორც იმპორტდამოკიდებული ქვეყნის, აგროსასურსათო პროდუქციის უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსის მხოლოდ დაახლოებით 14 პროცენტი. 2000 წლის შემდეგ  (2001-2022 წწ.) საქართველომ განახორციელა 25.2   მლრდ. აშშ დოლარის აგროსასურსათო საქონლის იმპორტი, მაშინ როდესაც  იმავე კატეგორიის პროდუქციის ექსპორტმა  მხოლოდ 14.2   მლრდ. აშშ დოლარი, ანუ დეფი­ციტმა  თითქმის 11.1 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.  ამჟამად საუკუნის დასაწყისთან შედარებით საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია 7.0-ჯერ, ხოლო იმპორტი – მხოლოდ 5.9-ჯერ, თუმცა საკმაოდ ცუდი სასტარტო პირობების გამო ამ ხნის განმავლობაში აგროსასურსათო საქონლის ექსპორტით იმპორტის  გადაფარვა გაიზარდა მხოლოდ 12 პუნქტით – 62.7 პროცენტიდან 74.8 პროცენტამდე (საშუალოდ 2001-2022 წლებში – 56.2%) (იხ. დიაგრამა 2).  

დიაგრამა 2

  

სასურსათო უზრუნველყოფაში ქვეყნის მეტისმეტი იმპორტდამოკიდებულებით გამოწვეული საფრთხე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით აშკარაა. ასეთ ვითარებაში საქართველო ობიექტუ­რად ხდება  იმ ქვეყნის „ეკონომიკური მძევალი“, საიდანაც განახორციელებს იმპორტს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში ასეთ ქვეყანას საქართველოსათვის რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, თანამედროვე საერთაშორისო ვითარებისა და ამ ქვეყნისადმი დაწესებული საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით, აღნიშნული ასპექტით გამოწვევებისა და რისკების დონე მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისად, აუცილებელია მარცვლეულის მოწოდების ერთ  წყაროზე დამოკიდებულების შემცირება და შესაბამისი ბაზრების დივერსიფიცირება.

სასურსათო უშიშროების პრობლემის გადაწყვეტა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნების ტოლფასია. როგორც დასავლეთის გამოცდილება გვიჩვენებს, საკუთარი წარმოების სასურსათო უზრუნველყოფა უნდა გახდეს საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა, რასაც შეუძლია მულტიპლიკაციური ეფექტის მოცემა და გაძლიერებული მიგრაციის პროცესში მყოფი სოფლის გადარჩენა.

ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი. თუ გვსურს 2027 წლისათვის მივაღწიოთ გაწონასწორებულ სავაჭრო ბალანსს, მნიშვნელოვნად უნდა გავადიდოთ აგრარული  პროდუქციის წარმოება, რათა შემცირდეს სურსათის იმპორტისთვის ვალუტის ზედმეტი ხარჯვა (მხოლოდ მარცვლეულის იმპორტი საქართველოში, ფქვილის ჩათვლით, ბოლო წლებში 140-150 მლნ. აშშ დოლარს აღწევს). 

მარცვლეულის წარმოების სტიმულირების ძირითადი მიმართულებები

სურსათის ადგილობრივი რესურსების წარმოების გადიდება, ობიექტურად მოითხოვს სოფლის მეურნეობის ისეთი დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელშიც წამყვანი და პრიორიტეტული ადგილი დაეთმობა სასურსათო ბალანსის ფორმირებისთვის საჭირო პროდუქტების წარმოებას. უნდა გვახსოვდეს XX საუკუნის 90-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტური ქვეყნების ვალუტის მოპოვების მცდარი სტრატეგია, როდესაც ყურადღების მიღმა დარჩა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აგრარული სექტორი. ვალუტის მოპოვება ქვეყნისთვის ე.წ. მეორეული ამოცანაა და ასეც უნდა იყოს. ქვეყნის ეკონომიკაც და მათ შორის სოფლის მეურნეობაც ისე უნდა წარიმართოს, რომ იგი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ხელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობები მარცვლეულის წარმოების გადიდებისათვის, მისი მოყვანის უნარ-ჩვევები და ტრადიციები, მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმოო სიმძლავრეები და წარმოებული პროდუქციის გასაღების ადგილობრივი ბაზარი, არ უნდა იყოს აბსოლუტურად დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებიდან მარცვლეულის იმპორტზე.

შიმშილის ძირითად მიზეზს მრავალ ქვეყანაში წარმოადგენს არა მოსახლეობის სიჭარბე ან მიწის რესურსების ნაკლებობა, არამედ სოფლის მეურნეობის მართვის სისტემების არასრულყოფილება. ნებისმიერი ეკონომიკური სისტემა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რესურსების ოპტიმალურ და ეფექტიან გამოყენებას მათი სპეციფიკის მიხედვით.

მარცვლეულის წარმოების არსები­თი გადიდება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მოხდება მისი წარმოების მატერიალურ-ეკონომიკური სტიმულირების ყველა არსებული ბერკეტისა და საშუალე­ბის გამოყენება.

მარცვლის წარმოების სტიმულირება მრავალი მიმართულებით შეიძლება, კერძოდ კი – მარცვლეული ნათესის გათავისუფლებით გადასახადისგან. შესაძლოა   აგრეთვე წარმოებული მარცვლის სახელმწიფო გარანტირებული შესყიდვის გამოყენება, შეღავათიანი საკრედიტო, სადაზღვევო სისტემები, პირდაპირი სუბსიდიები (ეს არ იქნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევა, რადგან, ამ ორგანიზაციის წესდების თანახმად, ქვეყანას შეუძლია საექსპორ­ტო შემოსავლების 5% წარმართოს მნიშვნელოვანი დარგების სუბსიდირებაზე) და სხვ. ქვეყნის შიგნით მარცვლეულის წარმოების გადიდების ყველა რეზერვის ამოქმედება, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, მისაღებია ფინანსურად, ტექნიკურ-ტექნოლო­გიურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფილი მარცვლეულის მწარმოებელთა მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა  მარცვალი, რომელშიც სხვა ღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებული იქნება საკუთარი მაღალი რეპროდუქციის თესლის წარმოების ორგანიზაციული ღონისძიებები, მათ შორის ჯიშთა გამოცდის სადგურის აღდგენა-ფუნქციონირება ელიტური სათესლე მასალის წარმოებისათვის, აგრეთვე ჰიდრომელიორაციული სისტემების რეაბილიტაცია-განვითარება. კომპლექსური ადმინისტრაციული, ეკონომიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების შედეგად, აგრეთვე  თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და ბიოსტიმულატორების გამოყენების საფუძველზე 2027 წლისთვის ნათესი ფართობების ზრდისა და მოსავლიანობის ამაღლების ხარჯზე გათვალისწინებულია უახლოეს წლებში მარცვლეული კულტურების მნიშვნელოვანი ზრდა (იხ. დიაგრამა 3).

დიაგრამა 3

2025 წელს ხორბლის ნათესმა ფართობმა უნდა შეადგინოს 90 ათასი ჰა, (მოსავალი – 330 ათასი ტონა), სიმინდისამ – 150 ათასი ჰა (მოსავალი – 750 ათასი ტონა).  ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფისკენ, ადგილობრივი წარმოების მარცვლეულით თვითუზრუნველ­ყოფის დონის 60-65%-მდე გაზრდისათვის ამჟამინდელი 19 პროცენტის ნაცვლად. ამ მხრივ, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა საქართველოს ხელისუფლების მიერ პრობლემის ადეკვატური აღქმა და განზრახვა, რომ მარცვლეულით ქვეყნის თვითუზრუნველყოფის დონემ უკვე უახლოეს წლებში  50 პროცენტს მიაღწიოს, ხოლო მომდევნო პერიოდში  – არანაკლებ 60-65 პროცენტს. 

დასკვნა

მიუხედავად ბოლო წლებში მიღწეული წარმატებებისა, აგრარული სექტორი კვლავ რჩება საქართველოს ეკონომიკის ყველაზე „სუსტ რგოლად“, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში, მარცვლეულით, ხორბლით  უზრუნველყოფაზე. მსოფლიოში სასურსათო პრობლემების გამწვავება და იმავდროულად, ჩვენი ქვეყნის აგრარული სექტორის დაბალეფექტიანობა ზრდის და ამწვავებს საქართველოს იმპორტდამოკიდებულებას სურსათზე. ადგილობრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოველწლიურად ხორციელდება მრავალი ასეული მილიონი აშშ დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქციის, სურსათის იმპორტი, რაც  ქვეყნიდან ვალუტის გადინების პარალელურად მკვეთრად ამცირებს სამუშაო ადგილების რაოდენობას და ქმნის დამატებით მოტივაციას მოსახლეობის, პირველ რიგში, სოფლად მცხოვრები ადამიანების უცხოეთში ემიგრაციისთვის. იმ პირობებში, როდესაც მთელი რიგი სასურსათო პროდუქციის სახეობები (პირველ რიგში, მარცვლეული, ხორბალი) სულ უფრო ღიად გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ბრძოლის, შანტაჟის იარაღი, საქართველოს მაღალი იმპორტდამოკიდებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი ეროვნული მეურნეობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მოწყვლადობას შესაბამისი რისკებისადმი, მით უფრო, რომ საქართველო სასურსათო პროდუქტებით განსაკუთრებით მაღალი იმპორტდამოკიდებულია მისდამი ყველაზე ნეგატიურ, პერმანენტულად კონფრონტაციულ რეჟიმში მყოფ რუსეთის ფედერაციაზე.

აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი საშუალება ქვეყანაში აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, შესაბამისი კულტურების ფართობისა და მათზე მოსავლიანობის მკვეთრი ზრდაა. დასახული ამოცანების  რეალიზაცია რამდენიმე წელზეა გათვლილი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, იზრდება ხელისუფლების მიერ უფრო აქტიური, მოქნილი, ეფექტიანი ფისკალური პოლიტიკის წარმოების აუცილებლობა. ამ კუთხით მარცვლეულის ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისათვის პერსპექტიულად გვესახება დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელის დაწესება იმპორტირებულ ფქვილზე, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს.

მარცვლეულით  (ხორბალი, სიმინდი) თვითუზრუნველყოფის  დონის ამაღლება საშუალებას მისცემს ქვეყანას, ყოველწლიურად დაზოგოს რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარი, დამატებით შექმნას ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი და ამის საფუძველზე – ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისათვის  ხელსაყრელი პირობები. აღნიშნულის უზრუნველყოფა შესაძლებელია აგრარული სექტორის, ფერმერთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციით და აგრარული პროდუქციის წარმოების  ორგანიზაციული, ეკონომიკური და ფინანსური სტიმულირების გამოყენებით. აღნიშნულის პარალელურად, ხელისუფლების წინაშე საზოგადოებრივი, სოციალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება სურსათის სტრატეგიული ფონდის ფორმირების აუცილებლობა,  მათ შორის ცალკეული ინსტიტუტების (სკოლამდელი დაწესებულებების, საავად­მყოფოების, etc.) და სოციალური ჯგუფების (პენსიონერები, შეზღუდული შესაძ­ლებლობების მქონე პირები, etc.) შეუფერხებელი მომარაგებისათვის.   

თავად  მარცვლეულის ადგილობრივი წარმოების მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა პირდაპირ უკავშირდება აღნიშნული ნედლეულიდან წარმოებულ საბოლოო პროდუქციაზე მოსახლეობის წვდომასა და მყიდველობითუნარიანობის ამაღლებას. ამჟამად პურის საცალო ფასში პირველადი ნედლეულის ფასი 2/5-ის ფარგლებშია, თუმცა ფასწარმოქმნის სხვა კომპონენტების თანაფარდობა ფქვილის წილთან და ერთმანეთთან არც თუ ოპტიმალურია, კერძოდ, პურის საცალო ფასში ფქვილის წილი გადასახადების წილს მხოლოდ 2-ჯერ აღემატება, ხოლო რეალიზატორების მოგება 2-ჯერ და მეტად უსწრებს მეწარმეთა მოგებას. ასეთ პირობებში მკვეთრადაა შესამცირებელი სარეალიზაციო ქსელში სხვადასხვა ფასდანამატები (ე.წ. ქეშბექები, რეტრობონუსები,  სავაჭრო დათმობები და ა.შ.), რომლებიც პურის ღირებულებას 1.5-ჯერ და მეტად ზრდის (განვითარებულ ქვეყნებში ფასდანამატი არ აღემატება 3-5 პროცენტს). ასევე, ვფიქრობთ, გასაზია­რებელია ეკონომიკურად  ძლიერი  ქვეყნების გამოცდილება, პურზე დღგ-ის ტარიფის 7-8%-მდე შემცირებისა ან საერთოდ განულებისა.

საბოლოო ჯამში, პარეტო ეფექტიანობის პრინციპის გათვალისწინებით, სახელმწიფოს აგრარული, ზოგადად  კი ეკონომიკური პოლიტიკა ეფექტიანად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ის მაქსიმალურად ითვალისწინებს ბიზნესისა და საზოგადოებრივ ინტერესებს, უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ თანხვედრას და ჰარმონიზებას. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. პ. კოღუაშვილი. სოფლის მეურნეობის ეკონომიკა. თბილისი, 2020.

2. რ. ასათიანი, პ. კოღუაშვილი. საქართველოს სოფლის მეურნეობა - გამოწვევები და პერსპექტივები. თბილისი, „პოლიგრაფი“, 2023.

3. პაატა კოღუაშვილი, იოსებ არჩვაძე. საარსებო მინიმუმი საქართველოში და მისი ოპტიმალური დონის განსაზღვრის აუცილებლობა. „ეკონომიკა და ბიზნესი“, N1, 2020.

4. პ. კოღუაშვილი, ი. არჩვაძე (2020). საქართველოს სოფლის მეურნეობა თანამედროვე გამოწვევების წინაშე. „ეკონომიკა და ბიზნესი“, N3, 2020.

5. პაატა კოღუაშვილი, იოსებ არჩვაძე. სასურსათო უშიშროება - ეროვნული უშიშროების საფუძველი. „ეკონომიკური პროფილი“, N1 (23), 2022.

6. იოსებ არჩვაძე. აგრარული სექტორის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე საქართველოს ეკონომიკაში. „ეკონომიკური პროფილი“, N17, 2017.

7. ნოდარ ჭითანავა. საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები. თბილისი, ივერიონი, 2015.

8. Kharaishvili, E., Suknishvili, M. (2021). Agribusiness development trends in Georgia: modern challenges and solutions. Economics. Ecology. Socium, N5(4). Retrieved from https://ees-journal.com/index.php/journal/article/view/182

9. FAO Cereal Supply and Demand Brief. – 8.04.2022. – https://www.fao.org/worldfoodsituation/csdb/en/
10. Global wheat production from 2011/2012 to 2021/2022. – https://www.statista.com/statistics/ 267268/production-of-wheat-worldwide-since-1990/ 
11. Народное хозяйство СССР в 1990 г. – М., 1991.
12. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალები. www.geostat.ge